„ძალიან მძიმე მომენტია ქართული თანამედროვე პოლიტიკისთვის, როდესაც ევროკომისარი საუბრობს თავისუფალი ვაჭრობის საკითხის გადახედვაზე, კანდიდატის სტატუსის გაყინვასა და დროებით ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გადახედვას არ გამორიცხავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაიყინოს, ხოლო ვიზალიბერალიზაცია გახმობილ იქნას.
ჭუმბურიძის თქმით, აღნიშნული სამი ასპექტის შეჩერება, საქართველოს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად 10-15 წლით დახევს უკან.
„წინა თაობებმა, დიპლომატებმა და ქართულმა საზოგადოებამ მთელი ძალისხმევა ჩადეს, რომ სწორედ ამ სამ განზომილებას მიგვეღწია. DCFTA არ არის მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის ამ ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, მათ შორის, ბიზნესის თავისუფალი გადაადგილება, რაც ჩვენს ეკონომიკას აჯანსაღებს. გარდა ამისა, ქართული სახელმწიფოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია. როდესაც მიდის საუბარი უვიზო მიმოსვლის დროებით გაუქმებაზე (ხაზს ვუსვამ რომ საუბარია დროებით გაუქმებაზე), კანდიდატის სტატუსის გაყინვასა და DCFTA-ის შეჩერებაზე, ჩათვალეთ რომ, ეს უკან გვხევს მინიმუმ 10-15 წლით“, - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის, კანდიდატის სტატუსისა და უვიზო მიმოსვლის კუთხით რეგიონში უპირატესობა აქვს, რასაც ვერ ეგუება რუსეთი და ეფექტურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს უპირატესობები დაკარგოს.
„ქართულმა საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, რატომ მიმდინარეობს საუბარი დღეს ამ საკითხების ირგვლივ. კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართული სახელმწიფოს ხელში, რომელსაც ვერ ეგუება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, სწორედ მისი მთავარი ამოცანაა, რომ ეს უპირატესობები შეუჩერდეს საქართველოს. რუსეთის სპეცსამსახურების კლასიკური მოდელია - მუშაობენ, რომ რაც შეიძლება ეფექტიანად ჩაჭრან ყველა ის კავშირი ევროპასთან, რომელმაც საქართველომ ამ 35 წლის განმავალობაში მიიღო“, - დასძინა მან.
ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მმართველი პარტია 24 საათის განმავლობაში უნდა აწარმოებდეს მოლაპარაკებებს ევროკავშირის ფორმატში და ამავე დროს უნდა ჰქონდეს საუბრები ორმხრივ ფორმატში EU-ის წევრ სახელმწიფოებთან.
„სახელმწიფოს და მმართველი პარტიას არ უნდა დაეშვათ, რომ აქამდე მისულიყო საკითხი, მაგრამ რადგან ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, 24 საათის განმავლობაში უნდა გვქონდეს ევროკავშირის ფორმატში მუდმივი მოლაპარაკებები და დეტალების დაზუსტება უნდა ხდებოდეს. ბრიუსელი გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად იღებს, აქედან გამომდინარე, ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც აქამდე ჩვენი პარტნიორი იყო და დღეს ეს პარტნიორობა აღარ ჩანს, ორმხრივ ფორმატში უნდა ხორციელდებოდეს საუბრები. ჩვენდა სამწუხაროდ, არცერთი ეს ნაბიჯი გადადგმული არ არის, მაგრამ კიდევ არის შანსი, დრო კიდევ გვაქვს, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა რთული იქნება. არის შანსი, რომ არ მივიღოთ ის მძიმე გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვნად დააზიანებს; დააზიანებს როგორც პოლიტიკას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუმჯობესებული სავაჭრო რეჟიმი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს ნულოვანი საბაჟო ტარიფით 10 000-მდე დასახელების, პროდუქციის ექსპორტირების უფლებას იძლევა. DCFTA-ის მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი კი 2009 წელს დაიწყო. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი ეხსნება, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.
წყარო: https://www.bpn.ge/article/138539-uvizo-mimosvlis-kandidatis-statusisa-da-dcfta-is-shechereba-15-clit-dagvxevs-ukan-dro-kidev-gvakvs-rom-kveqana-ar-sheviqvanot-chixshi/