შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და სერვისების სპექტრი – კობახიძის გეგმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” ოთხ მთავარ სფეროს მოიცავს: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა.

“მოქალაქეზე ორიენტირებული და სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი გაძლიერება მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება” – ასე იწყება ჯანმრთელობის დაცვის ქვეთავი კობახიძის პროგრამაში.

პროგრამის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კვლავ უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა. ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება სერვისების სპექტრის გაზრდის მიზნით – დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციის ჩათვლით. ასევე, გაგრძელდება მედიკამენტებით უზრუნველყოფის (სოციალურად დაუცველთა, საპენსიო ასაკის პირთა, ვეტერანთა და სხვ.) პროგრამა.

ონკოლოგიური დაავადებების მართვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანები და ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან უცვლელად რჩება.

კობახიძის სამთავრობო გეგმის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და ელიმინაციის მიზნით, გაძლიერდება ეპიდზედამხედველობის სამსახურები.