შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას აღნიშნავს

25 დეკემბერს კათოლიკური და ნაწილობრივ მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს. რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართული საშობაო წირვისას მსოფლიოში მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „ამაღამ ჩვენი გული ბეთლემშია, სადაც მშვიდობის პრინცი კვლავ უარყოფილია ომის ამაო ლოგიკით, შეიარაღებული დაპირისპირებით, რომელიც დღესაც ხელს უშლის მას სამყაროში ადგილის პოვნაში”.

ის ღაზაში არსებულ ვითარებას შეეხო და თქვა, რომ ახლა იქ “ღმერთის სიკეთე უარყოფილია”. მანამდე რომის პაპმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მოუწოდა.

საშობაო ღვთისმსახურება აღევლინა თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

საზეიმო მსახურება ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაშიც ჩატარდა. მას პადრე გაბრიელე ბრაგანტინი უძღვებოდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა, მათივე ცნობით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება უსურვეს.

შობა აღნიშნეს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაშიც.

წელს პირველად შობა 25 დეკემბერს აღნიშნეს უკრაინაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიევ-პეჩორის ლავრის ეზოდან მიმართა.

2023 წლის 1 სექტემბრიდან უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ფიქსირებული (უძრავი) დღესასწაულების აღნიშვნის ახალ სტილზე გადავიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის (UGCC) სინოდმა, უამრავი მორწმუნის მოთხოვნის საფუძველზე.