შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებით, საქართველო რეგიონში მე-2, მსოფლიოში კი მე-10 ადგილზეა

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მხოლოდ ივლისის თვეში 2 083 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს (European Union Agency for Asylum- EUAA) ივლისის აპლიკაციათა სტატისტიკურ მონაცემებში წერია, რაც მის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

EUAA-ს ივლისის შედეგები წარმოშობის ქვეყნების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა უახლეს ტენდენციას ასახავს.

კერძოდ, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, რეგიონში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და ის ომში მყოფ უკრაინასაც კი უსწრებს.

მეზობელი ქვეყნებიდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ივლისის თვის მონაცემები ასეთია:

  • თურქეთი – 6 728 განაცხადი
  • საქართველო – 2 083
  • რუსეთი – 1 760
  • უკრაინა – 1 104
  • ირანი – 1 095
  • სომხეთი – 472
  • აზერბაიჯანი – 252

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბს, საქართველო პირველ ათეულში რჩება და მე-10 ადგილს იკავებს. ყველზე მეტი რაოდენობის აპლიკაცია სირიიდან დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ ივლისის თვეში ევროკავშირში თავშესაფარი 14,798-მა აპლიკანტმა მოითხოვა.

კერძოდ:

  • სირია – 14 798
  • ავღანეთი – 9 019
  • თურქეთი – 6 728
  • ვენესუელა – 5 011
  • კოლუმბია – 4 706
  • ბანგლადეში – 2 863
  • მაროკო – 2 691
  • პაკისტანი – 2 530
  • ეგვიპტე – 2 169
  • საქართველო – 2 083

მთლიანობაში, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, ანუ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, ნორვეგიასა და შვეიცარიაში უკვე 801 459-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2016 წელს თავშესაფრის მოთხოვნაზე 1,23 მილიონი განაცხადი დაფიქსირდა. ლტოლვილთა სააგენტო, ასევე, პროგნიზრებს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება და წელს ევროპაში თავშესაფრის მიღებაზე მილიონზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდება.