შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კეკელიძის N1-ში სისხლის სამართლის წესით დააკავეს გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა

პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავა მოძრაობა “ხმის” ორი თანადამფუძნებელი: გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა. ინფორმაცია ამ ორგანიზაციის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“ჩვენ, მოძრაობა ხმა, განცხადებების გავრცელებით არ შემოვიფარგლებით, თუ ჩვენი ორივე წევრი არ გათავისუფლდება და მათ მიმართ დევნა არ შეწყდება. ისეთ ადგილებში დაგარტყამთ, სადაც ჯერ არ მოგხვედრიათ”, – წერია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

აღსრულების პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.

პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის – ორი სისხლის სამართლის კოდექსით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის (პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა) დააკავეს 18 ადამიანი, მათ შორის იყო ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

გარდა ამისა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე:

როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან “საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ, ხატიაშვილებმა “საქართველოს ბანკს” 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.