შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მთავრობა მომავალ წელს, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველვყოფის პროგრამას დაიწყებს

მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 1000-მდე ასეთ ოჯახს მთავრობა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს.

„მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი დაახლოებით 1000-მდე ოჯახია.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000-მდე ასეთ ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება მაქსიმუმ ორ-წლიანი პროგრამა. ჩვენ გაისად დავიწყებთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯამურად. 25 მილიონი ლარი 2024 წელს და შემდეგი 25 მილიონი 2025 წელს.

ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობის მხრიდან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.