შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი – აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს

ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

„ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ 2 თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი.

ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური მდგრადობა და საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება, რომ ვიწრო ინტერესების გამო ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამავე დროს, მინდა მივესალმო კერძო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება”, –განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დაკავებული თანამდებობები დატოვეს.