შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი – ჩემი ადმინისტრაცია და პირადად მე სოლიდარობას ვუცხადებთ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას – დღეს ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა

დღეს ერთიანობის დრო არის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთოს.

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის წინაშე, რაც გუშინ ღამეს და დღეს დატრიალდა. მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები იქნებიან. ეს ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ყოველი მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობებით დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომელმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთა, რათა ადამიანები გადაერჩინა. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას. დღეს ერთიანობის დრო არის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. მომავალ დღეებში თვითონაც ვნახავთ, რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში.

დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მაშველებს, მათი როლი არ დასრულებულა. ძალიან რთულია ამ პირობებში მათი მუშაობა. ვიცი, რამდენად შეუძლიათ მათ ამ ძალიან რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენ ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს საზოგადოებას და ეს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით, სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა და ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ასევე მზად ვარ, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.