შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„რეგულაციების დარღვევის გამო 15 სათამაშო ბიზნესი დაჯარიმდა – სანქციამ 160 ათასი ლარი შეადგინა“

საქართველოს პარლამენტი, დაინტერესებულ პირებთან ერთად მუშაობს დოკუმენტზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში თამაშდამოკიდებულების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, პრევენციას და ამავე დროს, უნდა გამოინახოს გზები და საშუალებები ლუდომანიით შეპყრობილი ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის.

დოკუმენტზე სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი მუშაობს, რომელმაც თემატური მოკვლევის ფარგლებში დაინტერესებული პირებისგან შესაბამისი ინფორმაცია მიიღო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” დამფუძნებელმა თამარ ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, პარლამენტში ამ საკითხზე კომიტეტის სხდომას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მისივე შეფასებით, პარლამენტმა ნამდვილად მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა ამ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებით.

ამასთან, გადაცემაში „საქმე“ თამარ ჯაფარიძემ, აღნიშნა რომ მართალია, ქვეყანაში მოქმედებს კანონი სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვის შესახებ, მაგრამ აღსრულების მექანიზმი ძალიან ნაკლებია.

„განრიდების სიაში სულ შესულია 10 657 განაცხადი 2 წლის განმავლობაში, ეს მცირე მაჩვენებელია და არის იმის შედეგი, რომ სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში შეიკავა თავი, რომ ეს კანონი საზოგადოებამდე მისულიყო. განრიდების სიაში მოხვედრილი ეს 10 657 ადამიანი არის ის ხალხი, ვინც მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომ უარი ეთქვათ მათ ყველანაირი აზარტულ თამაშობაში მონაწილეობაზე, აქედან დაახლოებით 60-მდე პირს აეკრძალა თამაშობებში მონაწილეობა სასამართლოს გზით – მესამე პირის მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო სხვებს საკუთარი ინიციატივით,“- აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის მხრიდან რეგულაციების დარღვევაზე აღსრულების მექანიზმი ნაკლებია. კერძოდ, ჯაფარიძის ინფორმაციით, 2023 წელს კანონის მოთხოვნების დარღვევის გამო დაჯარიმებულია სათამაშო ბიზნესის 15 ობიექტი, სანქციის სახით კი ამოღებულია 160 ათასი ლარი.

ცნობისთვის, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1-ლი მარტიდან განხორციელდა.