შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რესურსცენტრის ხელმძღვანელებს ანაზღაურება 400-500 ლარამდე გაეზრდებათ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილა.

კანონპროექტით, რესურსცენტრის უფროსები საჯარო მოხელეები გახდებიან და მათზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი გავრცელდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, ცვლილება დაახლოებით 70 რესურსცენტრის უფროსს შეეხება.

„გარდა იმისა, რომ რესურსცენტრის უფროსები გახდებიან საჯარო მოხელეები, მათ გაეზრდებათ შრომითი ანაზღაურება 400-500 ლარამდე და მათთვის, ასევე, გათვალისწინებული იქნება შრომითი ანაზღაურების 10%-იანი მატება, ისევე როგორც ყველა საჯარო მოხელისთვის“, – აღნიშნა ნოდარ პაპუკაშვილმა.

კანონპროექტის ავტორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.