შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ყველის  შემოწმებული ნიმუშების 26%-ში დამაბინძურებლები აღმოჩნდა – მოწმდება თუ არა სათანადოდ რძის პროდუქტები

საქართველოს რეგიონებში შემოწმებული ყველის ნიმუშების 26%-ში კოლიფორმული ბაქტერიები – სალმონელა და (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი აღმოჩნდა.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის თქმით, ორგანიზაციამ 30 ნიმუში შეამოწმა, საიდანაც 8 ნიმუშში დამაბინძურებლები აღმოჩნდა.

„უვნებლობის შემოწმება ჩვენი მეორე ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ამისთვის დონორის დაფინანსება გვაქვს. პროექტის ფარგლებში ჩვენი რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციები გვყავს შერჩეული, რომლებიც ყველის ნიმუშებს საქართველოს 4 რეგიონში ყიდულობენ. დღეის მონაცემებით, 35 ნიმუშია შემოწმებული. დარღევევა 8 ნიმუშშია აღმოჩენილი. ყველი 3 სხვადასხვა პარამეტრზე შევამოწმეთ, ნაწილი კოლიფორმებსა და სალმონელაზე, მეორე ნაწილი კოლიფორმებსა და სტაფილოკოკზე. ყველში სხვა დარღვევებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს 3 საქართველოში გავრცელებული დამაბინძურებლებია, რაც ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობასთანაა დაკავშირებული. როგორც გითხარით, დარღვევა 8 ნიმუშში აღმოჩნდა, ზოგან არის 1, ზოგან 2 დამაბინძურებელი. ძირითადად დაბინძურებული აღმოჩნდა მცირე მეწარმეების, ან ოჯახური მეურნეობების მიერ წარმოებული ყველი, ქარხნული ყველი მხოლოდ 1 აღმოჩნდა დაბინძურებული”, – განაცხადა კობალაძემ.

ორგანიზაცია სავაჭრო ქსელში წარმოდგენილ რძის ნაწარმის ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ კობალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე წელიწადში მხოლოდ 100 ნიმუშს ამოწმებს, რაც ზოგადი სურათის შესაქმნელად არასაკმარისია.

“საქართველოში წლების განმავლობაში რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც სურსათის ბაზარზე არსებობს. რძის ნაწარმის ფალსიფიკაცია მცენარეული ცხიმის გამოყენებით ხდება. როდესაც რაიმე პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით იყიდება, არ შეიძლება, რომ მასში მცენარეული ცხიმი იყოს გარეული. მაგრამ, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ამას აკეთებენ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო იაფი ჯდება, წარმოებისას აღნიშნულ ხერხს მიმართავენ. ჩვენმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2010-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა რძის ნაწარმი გამოიკვლია და ბევრ მათგანში მცენარეული ცხიმი აღმოაჩინა, რის შემდეგაც პეტიცია შევიმუშავეთ, რომელსაც ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ამის შემდეგ ხელისუფლებას მივმართეთ. ამ საკითხს 1-2 წლის მუშაობა დასჭირდა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი იქნა მიღებული. მანამდე, ნებისმიერი პროდუქტი რძის ნაწარმის სახელწოდებით შეიძლებოდა, გაყიდულიყო.

კონტროლი მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. ამ საკითხის გაკონტროლება “სურსათის ეროვნულ სააგენტოს” დაევალა. ამას შემდეგ “სურსათის ეროვნული სააგენტო” და ჩვენც ჩვენი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში რძის ნაწარმის შემოწმებას ვახდენთ. ყოველი შემოწმებისას დარღვევებია. დარღვევის შემთხვევაში სანქციებია: ბაზრიდან შესაბამისი პარტიის ამოღება და მცირე ჯარიმა 200- 500 ლარის ოდენობით. თუ ფალსიფიკაცია ჩაითვალა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც ატარებს. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უგზავნის. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, 2023 წლის მარტის თვისაა, დამნაშავეებმა პასუხი მხოლოდ 2 შემთხვევასთან დაკავშირებით აგეს. ამ დარღვევის საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა საკმარისი არაა. “სურსათის ეროვნული სააგენტო” ყოველწლიურად კი ამოწმებს დაახლოებით 100 ნიმუშს, მაგრამ ბაზარზე იმდენი რძის პროდუქტია, 100 ნიმუშის შემოწმება საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთოს და შესაძლებლობების ფარგლებში მონიტორინგი განვახორციელოთ. ამას წლების განმავლობაში ვცდილობთ”, – ამბობს კობალაძე და მეტი ნიმუშის შემოწმების უზრუნველსაყოფად საზოგადოებას ფინანსურ დასხმარებას სთხოვს.