შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 243 ადამიანს ჩამოერთვა

2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 243 ადამიანს ჩამოერთვა,- ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იზორია მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მართვის მოწმობის მფლობელს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულები არ აკლდება. მისი თქმით, ქულათა სისტემაში ვიდეოჯარიმების დამატება აღსრულების პროცესს მეტად ეფექტიანს გახდის.

„დღესდღეობით სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულები საერთოდ არ აკლდებათ ადამიანებს, ამიტომ არის შემთხვევა, როდესაც უსასრულოდ შეუძლია ადამიანს ჯარიმა გადაიხადოს და მაინც იაროს ქუჩაში. ამიტომ წლებია, ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ქულათა სისტემაში შეიყვანოს ვიდეოჯარიმები, რადგან კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ აღსრულების მექანიზმები.

2023 წელს მხოლოდ და მხოლოდ 243 ადამიანს ჩამოერთვა მართვის მოწმობა ქულათა სისტემის კუთხით, რაც ძალიან პატარა მაჩვენებელია, როცა ვიდეოჯარიმების რაოდენობამ დაახლოებით, 30-ჯერ გაიზარდა ქვეყანაში და მილიონებს აღემატება ასეთი სამართალდარღვევები. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ქულათა სისტემას მიებას. ვფიქრობ, ამას ძალიან დიდი ეფექტი ექნება, თუნდაც მინიმალური 5 ქულით რომ განისაზღვროს აღნიშნული სამართალდარღვევა“,- განაცხადა ირაკლი იზორიამ.

მისივე თქმით, თავად სიჩქარის ლიმიტებიც საქართველოში ძალიან მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

„გეტყვით, რომ ჩვენთან კანონმდებლობაში არის ერთი უდიდესი უზუსტობა და ხარვეზი, რომ 15 კმ/სთ მძღოლს შეიძლება ტოლერანტობა ჰქონდეს – ანუ თუ არის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარე 60 კმ/სთ, მძღოლს შეუძლია, რომ იქ 75 კმ/სთ სიჩქარით გაიაროს, რაც არ არის საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული.

ამასთან, ჩვენთან ურბანულ ზონებში მაქსიმალური სიჩქარე დადგენილია 60 კმ/სთ, რაც ასევე დაუშვებელია. მაქსიმალური სიჩქარე ურბანულ ზონებში უნდა ჩამოვიდეს 50 კმ/სთ-მდე“,- განაცხადა იზორიამ.