შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს

ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის კართან სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიიყვანა და ევროკავშირის გზით სიარულს “ქართული ოცნების” ხელისუფლება განაგრძობს.

“ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრის განცხადება ნათლად მიუთითებს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს არა მხოლოდ ორმაგ სტანდარტს, არამედ ქართულ დემოკრატიასა და ქართულ სახელმწიფოზე შეტევას და მოსახლეობის რეპრესიულად დაბულინგებას – სურთ, არჩევნებში მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიონ და ქართველი ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვას არ დაელოდონ. ეს არის ის, რაც საქართველოში ყველაზე მეტად ულახავს იმიჯს ევროპასა და ევროკავშირს.

რატომღაც ასეთი გავეშებით და დემოკრატიული პრინციპების სრული შელახვით ადამიანებზე მავნე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ – არჩევნებზე ნახავენ, რომ მათი ეს განცხადებები მათივე მიზნების კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება!” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. მათივე განმარტებით, “ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა”.