პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის ექსპერტს, ვ.ლ-ს ბრალდება კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე — ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღების ფაქტზე წარედგინა.
- უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მან კახეთში, სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოებისთვის ყალბი ინსპექტირების ანგარიში მოამზადა.
- პროკურატურის ვერსიით, ერთ-ერთი ინდ.მეწარმის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულებით, სოფელ კოჭბაანში სტიქიით დაზიანებული სახლის სახურავის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
- როგორც უწყებაში ამბობენ, ამ სამუშაოების ღირებულების შეუსაბამობა, ბრალდებულის მიერ მომზადებული ყალბი ინსპექტირების ანგარიშისა და შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით დადასტურდა.
- მათივე განცხადებით, იგივე ანგარიშისა და აქტის თანახმად, ბრალდებულმა სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისა და ინსპექტირების გარეშე ყალბად მიუთითა, თითქოს სამუშოებში გამოყენებული მასალები ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტებს შეესაბამებოდა.
- ასევე, თითქოს ის საქართველოში მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებდა.
გარდა ამისა, პროკურატურა აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის სახელით დამზადებულ ინსპექტირების ანგარიშში დირექტორის მონაცემების გასწვრივ თავად მოაწერა ხელი.
- “ასევე გააყალბა ექსპერტ/ინსპექტორის და ტექნიკური მენეჯერის ხელმოწერები და ხელი მათი სახელითაც მოაწერა, მაშინ როდესაც ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის დირექტორს და თანამშრომლებს აღნიშნული ინსპექტირება არ ჩაუტარებიათ, ასევე, არც ინსპექტირების ანგარიში და შესრულებული სამუშაოს აქტი მოუმზადებიათ”.
- ვ.ლ-ს ბრალდება სსსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღებას გულისხმობს.
მარიტა მეფარიშვილის საქმე: გასული წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 ბავშვი დაშავდა.
- უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვები შადრევნიდან მებაღემ, დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა.
- ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 9 პირი დააკავეს: ექსპერტები, ელექტროშემდუღებლები, გრინსერვისის დირექტორი და მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე.
- დაკავებულებს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის, სამსახურებრივ გულგრილობაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი დოკუმენტების დამზადებაში წაქეზებაზე, დამზადებასა და გამოყენებაზე.
პოსტი ნახა: 590