ლარი ორ დღეში დოლართან მიმართებით 12 თეთრით, ევროსთან კი 8 თეთრით გაუფასურდა – სავალუტო რყევების განგრძობადობის რისკების ფონზე ბიზნესი სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებაზე ალაპარაკდა.
პურის ფასს საფრთხე არ ემუქრება – ამბობს პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე. მალხაზ დოლიძის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი სტაბილურია, ამ პირობებში კი 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 49 ლარია, რაც არსებული ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
“პურის ფასი არ შეიცვლება, რადგან ეს დარგი კვების მრეწველობაში ერთ-ერთი სტაბილურ პროდუქტს უშვებს. სახელმწიფომ გახსოვთ, სუბსიდირებაც ჩართო როცა საჭიროება იყო ამისი. დღეს ხორბლის ფასები მსოფლიო ბაზარზე და საქართველოში სტაბილურია. ფქვილიც, 1 ტომარა ფქვილის ღირებულებაც არის საშუალოდ 49 ლარი. თქვენ იცით, რომ 52 ლარის ფარგლებში ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ არ გაძვირდეს პური.
პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს, მომარაგება არის, ფქვილი შემოდის. ამდენად ვთქვათ, რომ პურს რამე ემუქრება არა. რა თქმა უნდა, ეს პროცესები სასიამოვნო არ არის, თუმცა იცოდეთ, რომ როდესაც პოლიტიკური დაპირისპირება იყო პურს ერთ მხარესაც ვაწვდით და მეორესაც. პურპროდუქტები არის ყველაზე მშვიდობიანი დარგი, რომელიც მყარად მუშაობს ყოველთვის,”-ამბობს პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე.