შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში სექტემბერში 3 545 ბინა გაიყიდა – როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში

2024 წლის სექტემბერში თბილისში 3 545 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 12%-იან ზრდაზე მიანიშნებს. მონაცემებს „ქოლიერსი“ აქვეყნებს.

უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, სექტემბერში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად შემცირდა. მაგალითისთვის, თუ წელს სექტემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასმა 1 015 დოლარი შეადგინა, 2023 წლის იმავე პერიოდში 1 094 დოლარი იყო.

ამასთან, სექტემბერში ახალი ბინების შემთხვევაში გაყიდვები 20%-ით გაიზარდა. ამის საპირისპიროდ, შემცირებულია ძველი პროექტების ტრანზაქციები – კვლევის თანახმად, კლებამ 6% შეადგინა.

რაც შეეხება ძველ და ახალ პროექტებში ფასებს, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები წლიურად ორივე შემთხვევაში გაზრდილია.

კერძოდ, გასულ წელს ახალ პროექტებში საცხოვრებელი ბინის საშუალო შეწონილი ფასი 1კვ.მ-ზე 1 013 დოლარს შეადგენდა, წელს კი 1 088 დოლარამდეა გაძვირებული.

ამასთან, 2023 წლის სექტემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველ პროექტებში არსებული ბინებისთვის 1 022 დოლარი იყო, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 1 114 დოლარს მიაღწია.