საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
ირაკლი კობახიძემ და პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს შემდეგი პრიორიტეტი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის − ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების გზით.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან გაფართოების ანგარიშში მოცემული პრიორიტეტების შესრულების დინამიკა განიხილა.