შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
უფრო ზუსტად კი, შსს-ის სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვეყანაში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა – 47 შემთხვევა გახსნილია.
შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.
მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს აღნიშნული დანაშაულის 3 ფაქტი აღირიცხა.
რაც შეეხება სიცოცხლის წინააღმდეგ სხვა დანაშაულებს – უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მკვლელობის მცდელობის 44 ფაქტი გამოვლინდა, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის კი – 36.
ამასთან, დარეგისტრირდა თვითმკვლელობამდე მიყვანის 982 შემთხვევა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 141 ფაქტი.