ოქტომბერში უძრავი ქონების გაქირავებაზე მოთხოვნა შემცირდა - საქსტატი

ოქტომბერში უძრავი ქონების გაქირავებაზე მოთხოვნა შემცირდა - საქსტატი

30-11-2023 07:30
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

“საქსტატის” წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის და ტრანსპორტი და დასაწყობების დარგებმა შეიტანეს. კლების ტენდენცია კი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობისა და დამმუშავებელი მრეწველობის სფეროებში დაფიქსირდა.

დარგობრივ ჭრილში ზრდისა და კლების ტენდენციებსა და მიზეზებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე “სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” გენერალურმა დირექტორმა, გოგიტა თედორაძემ ისაუბრა.

"საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ზრდა კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან იყო დაკავშირებული. ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული. საგარეო ვაჭრობის მონაცემების თანახმად, ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.8-ჯერ გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი ძირითადად ყაზახეთის, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.

გაზრდილია საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირითაც, რომლის იმპორტის მოცულობაც ოქტომბერში 33%-ით გაიზარდა. ასევე გაზრდილია საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, თამბაქოს პროდუქტებითა და სასმელებით", - ამბობს გოგიტა თედორაძე.

მისივე თქმით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასა და სატვირთო-სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურების მოცულობის ზრდასთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, აქ ზრდა გზების, ხიდების, ავტობანებისა და გვირაბების და სხვა სამოქალაქო მშენებლობითაა გამოწვეული.

რაც შეეხება კლების ტენდენციებს, "საქსტატის" დირექტორი აღნიშნავს, რომ 2023 წლის ოქტომბერში საქართველოში უძრავი ქონების გაქირავებაზე მოთხოვნა შემცირებულია.

“უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სექტორში კლების მიზეზად საცხოვრებელი შენობების გაქირავებისა და მართვის სფეროში მომსახურების მოცულობის შემცირება სახელდება. ასევე, არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების კლება.

რაც შეეხება გადამმუშავებელი მრეწველობის სექტორს, შემცირებულია ძირითადი ლითონების: თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების - წარმოება. შესაბამისად, 2023 წლის ოქტომბერში 71%-ით შემცირდა ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი”, - აცხადებს გოგიტა თედორაძე და დასძენს, რომ 40%-ით შემცირებულია ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტიც, ძირითადად, რუსეთის მიმართულებით.

“საქსტატი” ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას ყოველთვიურად აწარმოებს. ის დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე იანგარიშება.

პოსტი ნახა: 228


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!