შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.
„სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.