2023 კალენდარული წლის განმავლობაში სტატუსი სხვადასხვა მიზეზის გამო, 36 295 სტუდენტმა შეიჩერა. ასეთია განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაცია.
უწყების განმარტებითვე, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა, იყოს: სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა); ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
გარდა ამისა, როგორც სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა 30 000-მდე სტუდენტს.
„2023 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდგომ სტატუსი აღიდგინა 4 000-მდე სტუდენტმა. აქვე აღსანიშნავია, რომ სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული პროცესი მიმდინარეა,“- ვკითხულობთ განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებოდათ.