ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის ვადასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეის მონაცემებით ქონების დეკლარაცია უკვე 401 958 ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 15 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
დღეის მონაცემებით 401 958 ფიზიკურმა პირმა უკვე წარმოადგინა ქონების დეკლარაცია და დარიცხული თანხის საერთო ოდენობამ 95 460 453 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, დარიცხული ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადი 17% პროცენტული მაჩვენებლით არის გაზრდილი.
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299”, - ნათქვამია განცხადებაში.