2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 12 ივლისის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა, ჯამში, 11 007 ადამიანს მიენიჭა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
უწყებიდან გამოგზავნილი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ყველაზე მეტი 3995 შემთხვევა 2022 წელს იყო, ამასთან, 2020 წელს მოქალაქეობა 1838 პირს მიენიჭა, 2021 წელს - 2847 პირს და 2023 წლის 12 ივლისამდე კი, 2327 პირს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2023 წლის 12 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობა სპეციალური წესით ყველაზე ნაკლებ 10 პირს მიენიჭა, ამასთან, 2021 წელს სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა.
ამავე პერიოდში ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა 18 პირს მიენიჭა, 25-მა ადამიანმა კი, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღო. 60 პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება მოხდა, ხოლო 5173 შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება იქნა გამოყენებული.
2020 წლიდან 2023 წლის 12 ივლისამდე ყველაზე მეტმა 5721-მა ადამიანმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო, აქედან არსებული სტატისტიკის მიხედვით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების ყველაზე მეტი 2005 შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა.
ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ მიერ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, მიეთითებინათ, რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინფორმაცია ეთნიკური წარმომავლობის მითითების თაობაზე სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ არ აღირიცხება.