რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ თუკი ხდება ძალადობის დაგმობა, უნდა მოხდეს ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობა - არ შეიძლება, რომ ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რომ ერთი ქმედება არის ცუდი და მეორეზე საერთოდ რეაქცია არ გვქონდეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია, როგორც მოძალადე ჯგუფის წევრებისაგან, ასევე, პოლიციის მხრიდან და შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ თითოეული მოძალადის მიმართ შესაბამისი პასუხისგება იყოს დაკისრებული.
„ბოლო დღეებში, 3-4 დღეა, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პოლიციაც კი არ დგას შეკრება-მანიფესტაციის დროს. მშვიდად გამოხატავენ ადამიანები საკუთარ პროტესტს და პოლიცია საერთოდ არ ერთვება ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია, როგორც მოძალადე ჯგუფის წევრებისაგან, ასევე, პოლიციის მხრიდან და შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ თითოეული მოძალადის მიმართ შესაბამისი პასუხისგება იყოს [დაკისრებული],“ - განაცხადა დარახველიძემ.
გარდა ამისა, მან ნიღბების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, რომ შეკრება-მანიფესტაცია იყოს მშვიდობიანი.
„იმ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგები, რასაც საზოგადოება ხედავს, არა მხოლოდ დაშავებული პოლიციელების სახით, არამედ, განადგურებული ინფრასტრუქტურის სახით, ასევე ჟურნალისტებზე განხორციელებული გარკვეული ქმედებები, ძირითადად, წახალისებულა, რა თქმა უნდა, იმ ფაქტორით, რომ შეკრება-მანიფესტაციის მოძალადე მონაწილეებს აქვთ საშუალება, დაიფარონ სახე იმგვარად, რომ მათი ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს და შესაბამისად, უკვე სასამართლო განხილვების დროს, შეუძლებელია იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა მოსამართლის წინაშე, რომ არათუ ბრალის, არამედ განაჩენის სტანდარტიც დააკმაყოფილოს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, 1985 წლიდან არის ეს აკრძალული. ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის აკრძალული. მიზანი არის ის, რომ შეკრება-მანიფესტაცია იყოს მშვიდობიანი. როგორც კი ხდება ძალადობრივი, ეს ძალადობა უნდა იყოს აღკვეთილი,“ - განაცხადა დარახველიძემ.