თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი გერების მიმართ ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებსა და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებასა და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143’-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“, მესამე ნაწილის "დ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და 143’’-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“, მესამე ნაწილის "ბ“, "გ“, "ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს, სასჯელის სახით, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.