დონალდ ტრამპი, როგორც წესი, სიმშვიდით ან თავშეკავებით არ გამოირჩევა, მაგრამ ჩინეთის ერთ-ერთი სოფლის ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოში დამზადებული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ფიგურა ღვთაებრივი განსჯის მდგომარეობაშია გამოსახული.
ნახევრად დახუჭული თვალებით, ბუდას მსგავს პოზაში გადაჯვარედინებული ფეხებით მჯდომი ამერიკელი ლიდერის ეს სკულპტურა ჩინელი დიზაინერისა და მოქანდაკის, ჰონგ ჯინშის ნამუშევარია.
ძენის (მიმდინარეობა ბუდიზმში - რედ.) სტილში შექმნილი ფიგურები, რომლებსაც, მათი ზომიდან გამომდინარე, ჰონგი 999-დან 20000 იუანამდე (დაახლოებით $140-დან $2700-მდე) ფასში ყიდის, 2021 წელს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა „ტაობაოზე“ ვირუსულად გავრცელდა და ჩინური მედიის ყურადღება დაიმსახურა.
ტრამპის მეორე ვადით ინაუგურაციის წინ, ქანდაკებაზე კვლავ დიდი მოთხოვნაა.
„არჩევნებში გამარჯვების შემდგომ დღეებში მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო“, - ამბობს ჰონგი, რომელმაც ქანდაკებები, თავდაპირველად, ხუმრობის მიზნით შექმნა.
47 წლის მოქანდაკის თქმით, ბოლო წლებში მან ასობით კერამიკული ნამუშევარი გაყიდა.
„ეს ქანდაკებები მყიდველებს ამხიარულებთ, რადგან ტრამპის პიროვნება და ქანდაკების ფორმა ორი საპირისპირო უკიდურესობაა“, - აცხადებს ჰონგი.
თითოეული ფიგურას თან გასდევს ჩინურ ენაზე დაწერილი ფრაზა, რომელიც ითარგმნება, როგორც „გახადე შენი კომპანია ისევ დიდებული“, რაც ამერიკის უპირატესობის აღდგენის შესახებ ტრამპის ცნობილი სლოგანის კალამბურს წარმოადგენს.
ამ ფიგურების ასლები ამერიკულ სავაჭრო პლატფორმებზეც კი გამოჩნდა, მათ შორის „ამაზონზე“, აგრეთვე ჩინურ „Temu“-ზე და 45 დოლარამდე ღირს.