წელს ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა და ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ამ მიმართულებით ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავა.
„მინდა ვთქვა, რომ წელს ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა, ამ მიზნით, შეგახსენებთ, რომ ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე ვიწყებთ იანვრიდან ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს. მომავალი სამი წელი, მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბულირებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ – საქმე, საქმე და საქმე! მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.