„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, "რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა".
„მე რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც იმართება მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ეს ბრძოლა არის რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩვენ გავიარეთ ბევრი ეტაპი. გავიარეთ ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 ათასი ადამიანი ვდგავართ გარეთ და ვართ ძლიერები, გავიარეთ ეტაპი, როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს, გავიარეთ ეტაპი, როდესაც ჩვენს პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებიან და არიან ციხეში, გავიარეთ მძიმე და საამაყო ეტაპები.ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით - ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”.
მეორე განაცხადი ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა, ამიტომ, მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს ან ციხეში ჩაჯდეს ან როდის გამოვიდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, რომ თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ!” - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.