„1-ლი ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში", - ამის შესახებ იურისტი, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საუბარია, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ.
თანდართული დოკუმენტის მიხედვით, ერთდროულად 2 პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს.
თუმცა, შესაბამისი დადგენილებით უკვე შეიქმნა იმ ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ნიკა სიმონიშვილის წერს, რომ ჩანაწერის მარტივი განმარტება ასეთია - „ოცნებისადმი" ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ, ვინც პარტიას არ უერთგულებს ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ".
იურისტის პოსტს „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
„1-ლი ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ მორიგი „კეთილშობილური“ კანონი შედის ძალაში. ეს ცვლილებები საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის პარალელური დასაქმების შესაძლებლობას ზღუდავს, თუმცა მარტივად რომ ვთქვა, ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ, ვინც პარტიას არ უერთგულებს, ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ, ხოლო თუ „შავ სიაში“ მოხვდება, სამსახურიდანაც მარტივად გაუშვებენ, თანაც ისე, რომ ფულს აქეთ მიატანინებენ.
ამ ცვლილებებს ვრცელი შინაარსი აქვს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანს შევეხები:
საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით შეეძლება. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1-წლიანი ვადა აქვს. რაც შეეხება უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავებას, ამისთვისაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობაა საჭირო, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით;
საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) შეუძლია პარალელურად დასაქმდეს კერძო სექტორში მხოლოდ მისი ხელმძღვანელის თანხმობით. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს;
საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს (მათ შორის, სსიპ-ში, საჯარო ა(ა)იპ-ში ან შპს-ში) არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს სხვა საჯარო დაწესებულებაში. გამონაკლისია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ჩამონათვალში თუა ეს საქმიანობა და თუ დირექტორი გასცემს თანხმობას პარალელურ დასაქმებაზე. ეს თანხმობა ერთჯერადია და 1 წლიანი ვადა აქვს.
თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი ამ წესებს არღვევს, გათავისუფლდება საჯარო სექტორში დაკავებული ყველა თანამდებობიდან და 2 წლის განმავლობაში აეკრძალება დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ წესების დარღვევისთვის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულების სასარგებლოდ, 1-ლი ნოემბრის შემდეგ მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით",- წერს სიმონიშვილი.
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
             
             
             
                 
                