საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, კარგად იცის თვითონაც, რომ რადიკალური ოპოზიციაა იმ ოკუპაციის ავტორი და შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“ საქართველოში და ზოგადად საერთაშორისო პროცესებში არც ერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია.
„ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს. შემოჭრას და ოკუპაციას სამართლებრივი წინაპირობა შეუქმნა. სტრატეგიული ობიექტები ჩააბარა რუსეთს და ყველაფერი გააკეთა, რათა ეს ოკუპაცია განგრძობითი იყოს. სასამართლოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართა, ხალხი არ გამოიყვანა, დანაშაულები ჩაიდინა და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გამაგრების საშუალება მისცა. 700 მეტრში, თუ უფრო ნაკლებშია განლაგებული რუსეთის ბაზა ცენტრალური გზებიდან. ამის საშუალება მისცა სალომე ზურაბიშვილის გუნდმა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, იმას ედავება, რომ თურმე შეიძლება პრორუსული იყოს მისი პოლიტიკა და საქმიანობა. ვერავინ მოიტყუება, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა საქართველოში ვითარების გამწვავება და რადიკალური, რევოლუციური გზის განვითარება. ეს აშკარაა და ამას არავინ მალავს, სალომე ზურაბიშვილი მათ შეუერთდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახლა დროა მხოლოდ გადარჩენის, ახალი რეალობის შექმნის, ევროპის გზაზე დაბრუნების“.