ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა “პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
როგორც ბუტიკაშვილმა აღნიშნა, ყველაფრის მიუხედავად “კოალიცია ცვლილებისთვის“ ბრძოლას გააგრძელებს.
„ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა დაიწყო არამარტო აქტივისტების და ჟურნალისტების პოლიტპატიმრებად გადაქცევა, არამედ პოლიტიკოსებისაც. ეს არის მათი გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც იდენტურია რუსულისა.
ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან მანამდე, როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს. დღემდე არ აკეთებენ განცხადებას, თუ რატომ დააკავეს მელია ადმინისტრაციული წესით. ეს თავიდან ბოლომდე ტყუილია. ველოდებით დაკავებას, თუმცა არ ნიშნავს, რომ პარტია ამით გაჩერდება. გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელიც დავიწყეთ“,-აღნიშნა ბუტიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გუშინ პროკურატურას სოციალურ ქსელში მიმართა და წერდა, რომ გირაოს გადახდის ვადა ამოიწურა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ეწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.