საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება, - აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილმა სატელეფონო შეტყობინებები მიიღეს, რომლითაც მათ მოუწოდებენ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, სამსახური დატოვონ და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.
„სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსი ტიპის ზეწოლა, მაშინ როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავდაუზოგავად მუშაობენ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მათ ინტერესებს და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას მათი კანონიერი უფლებების დასაცავად. შეტყობინების ადრესატი ჩვენი კოლეგები საარჩევნო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად აგრძელებენ მუშაობას და მსგავსი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას.
სამწუხაროდ, აქამდეც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის, თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენების მცდელობებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულად ხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება.
ბუნებრივია, ასეთი ტენდენციები, უკვე არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს.
მინდა მოვუწოდო საარჩევნო ადმინისტრაციის - საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელი შეუშალონ თქვენს პროფესიულ საქმიანობას.
აქვე მივმართავ იმ პირებს, თუ ჯგუფებს ვინც გეგმავს და ახორციელებს მსგავს პროვოკაციებს. პროცესის დაზიანება არცერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგის მომტანი.
ჩვენი მხრივ კი, კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ მიუხედავად ნებისმიერი დესტრუქციული მცდელობებისა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს მაღალპროფესიულ დონეზე, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას.
საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.