„ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდში გვესმის ამ საკითხზე სპეკულაციები - ვინ დააკვირდება, ვინ იქნება, ვინ არ იქნება და ა.შ. ჩვენ საზოგადოებაში უყვართ ხოლმე მოლდოვის მაგალითზე საუბარი და მოლდოვის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, მათ არჩევნებს სამი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკვირდებოდა, მაშინ როდესაც ჩვენს არჩევნებს 27 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დააკვირდება. რა თქმა უნდა, რაც მეტი მით უკეთესი, მაგრამ აქ არის მთავარი ხარისხობრივი მაჩვენებელი. შეიძლება აკვირდებოდეს რომელიმე ისეთი ორგანიზაცია, რომლის შეფასებებიც შემდგომ ისეთი დამაზიანებელი იყოს საარჩევნო გარემოსთვის, რომ ამან მთელი რიგი უარყოფით გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე. მნიშვნელოვანი არის ხარისხი და მათი ობიექტურობის და მიუკერძოებლობის ნაწილი. რაც შეეხება საერთაშორისო ნაწილს - კიდევ ერთხელ გავმეორდები 28 [საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება საქართველოში არჩევნებს]. ეს დელეგატები იმყოფებიან ქვეყანაში და როგორც დასაწყისში ვთქვი, დღეს, მთელი დღის განმავლობაში მექნება შეხვედრები, სადაც დეტალურად გავივლით სრულ სამზადისს.
ამასთანავე, ეუთოსთან დაკავშირებით ჩვენ მთელი რიგი სპეკულაციები მოვისმინეთ - სამწუხაროა, რომ არ აკვირდება, იყო სპეკულაციები რომ თითქოს, დროის სიმცირე იყო, თუმცა ვხედავთ, რომ სხვა ქვეყანაში დროის მცირე ფარგლებში ისინი აკვირდებიან.
ვერავინ იტყვის, რომ კანონით განსაზღვრულ ვადებში, რომელიმე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვმართა და ჩვენ თითქოს შევქმენით რაიმე ბარიერი იმისა, რომ ვინმეს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. პირიქით, მივესალმებით, მივესალმებოდით, და მომავალშიც მივესალმებით,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ არჩევნებს არ დააკვირდებიან ისეთი „ავტორიტეტული ორგანიზაციები“ როგორიცაა „ისფედი“, საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, კალანდარიშვილი ამბობს, რომ ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურად წყვეტს, არჩევნებს დააკვირდება თუ არა.
მისი თქმით, ცესკო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ორგანიზაციებს დროულ რეგისტრაციაზე მოუწოდებდა და თანამშრომლობაზე მზაობა აცხადებდა, ამიტომ კალანდარიშვილი ამბობს, რომ „ამ თვალსაზრისით ვერანაირ შენიშვნას ვერ მიიღებს“
„ვინ ავტორიტეტულია და ვინ ნაკლებად ავტორიტეტული ცალკე შეფასების საგანია. თქვენთვის შეიძლება ვიღაც ავტორიტეტულს წარმოადგენდეს, მაშინ როდესაც საზოგადოებისთვის, ჩემთვის რომელიმე ორგანიზაცია არ წარმოადგენდეს ავტორიტეტულს. არჩევნებს „მრავალფეროვანი საქართველო“ და კიდევ სხვა 26 ორგანიზაცია აკვირდება. თქვენ ახლა თქვენი ასეთი შეფასებით შეურაცხყოფას აყენებთ ამ ორგანიზაციებს. თხოვნა მექნება, თავი შევიკავოთ ასეთი შეფასებებისგან. ჩვენ ავტორიტეტულობის მიხედვით ორგანიზაციებს არ ვარეგისტრირებთ. ჩვენ ორგანიზაციებს ვარეგისტრირებთ კანონთან შესაბამისობის მიხედვით. მოგვმართავდა თქვენ მიერ დასახელებული რომელიმე ორგანიზაცია?! გაივლიდა უპრობლემოდ რეგისტრაციას, მით უმეტეს, მათ ამის პრობლემა არ ექნებოდათ.
როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შემთხვევაში, ყველას ინდივიდუალურად გადასწყვეტია ვინ რას დააკვირდება, რატომ დააკვირდება, ან რატომ არ დააკვირდება, ამიტომ ცესკოს ამ მხრივ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია, გარდა იმისა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველას ვახსენებდით ვადებს და მოვუწოდებდით დროულ რეგისტრაციაზე. მზაობას ვაცხადებდით თანამშრომლობაზე, ინფორმაციის მიმოცვლაზე და ა.შ. ამიტომ ამ თვალსაზრისით ვერ მივიღებთ ვერანაირ შენიშვნას“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.