პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, შშმ პირებმა, ომის ვეტერანებმა და სტუდენტებმა პირველად თეორიული და პრაქტიკული სამხედრო მეცადინეობები გაიარეს. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გორელ მონაწილეებთან ერთად აქტივობაში მონაწილეობდნენ ადამიანები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
“აქტივობებს გომბორის მოსამზადებელმა ცენტრმა უმასპინძლა.
პროექტის მონაწილეები გაეცნენ ტოპოგრაფიის, საინჟინრო მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, იარაღის გამოყენების წესებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკული სროლების აქტივობა.
კახეთის ფაზის მეორე ეტაპს ლაგოდეხმა უმასპინძლა, სადაც თევზაობის ფესტივალი გაიმართა. გარდა თევზაობისა მონაწილეებმა 440 ჰექტარ ველურ ბუნებაში 100-მდე გნოლი და ხოხობი გაუშვეს.
პროექტის მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები სპორტის შემდეგ სახეობებში - მინიგოლფში, მიზანში სროლასა და ბოულინგში გამოცადეს. აქტივობას კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა.
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება.
პროექტი ხელს უწყობს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.
პროექტში გორელების მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.