იანვრიდან 192 ათას მოქალაქეს შესაძლოა ხელფასი გაეზარდოს - პროფკავშირების ინიციატივაზე პარლამენტი იმსჯელებს. ცნობისთვის, პროფკავშირების გაერთიანებამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივა შეიტანა.
პროფკავშირების ინფორმაციით, მინიმალური ხელფასი საქართველოში 1999 წელს განისაზღვრა და თვეში მხოლოდ 20 ლარს შეადგენს. ეს თანხა ქვეყნის საარსებო მინიმუმზე 12,5-ჯერ, ხოლო საშუალო ხელფასზე 80-ჯერ ნაკლებია.
შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს „საქსტატის“ მიერ დაანგარიშებული წლიური საშუალო ხელფასის 40%-მდე. ცნობისთვის, საქსტატის 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასმა 1591.8 ლარი შეადგინა.
შესაბამისად, თუ პროფკავშირის ინიციატივა დამტკიცდება, ამ მონაცემებით მინიმალური ხელფასი ქვეყანაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულისთვის თვეში 636 ლარი, ხოლო არასრულ განაკვეთზე დასაქმებულისთვის საათში 3.70 ლარი უნდა იყოს.
პროფკავშირების საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს დაახლოებით 192 137 მოქალაქეს გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა და მათი ყოველთვიური შემოსავალი 636 ლარამდე გაიზრდება.
„მინიმალური ხელფასი 636 ლარიან ნიშნულზე შეეხება 192 ათას დაქირავებით დასაქმებულს. მათგან 49 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი აქვს. შესაბამისად, მინიმუმ 49 ათას ოჯახს გაუჩნდება შესაძლებლობა, სიღარიბე დაძლიოს.
კანონი შეეხება 92 ათას დასაქმებულს, რომელთა ხელფასი ჩამორჩება 636 ლარს. ამ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 371 ლარამდეა. შესაბამისად, საჭირო იქნება ამ ადამიანთა ხელფასის 71%-იანი ზრდა,“- აღნიშნულია პროფკავშირების გაერთიანების საკანონმდებლო წინადადებაში.