პარლამენტში მთავრობის მიერ, ფინანსთა სამინისტროს ავტორობით 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაინიცირდა. პროექტის პირვანდელი ვარიანტით, იანვრიდან პოლიციელებსა და ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ, ასევე 10%-ით ეზრდება ანაზღაურება ყველა საჯარო მოხელეს.
"თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც მოხდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ამასთან, თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330 მლნ ლარი,"- აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
რაც შეეხება საჯარო მოხელეთა ანაზღაურებას, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში ვკითხულობთ, 2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეთა ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება 10%-ით.