ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით მანქანა ხალხში შევარდა და ლივერპულის საფეხბურთო კლუბის პრემიერ ლიგის ბოლო გამარჯვების აღსანიშნავად აღლუმზე შეკრებილ ადამიანებს დაეჯახა. შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
შემთხვევა ორშაბათს საღამოს მოხდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნაცრისფერი მანქანა წითელ ტანსაცმელში გამოწყობილ გულშემატკივრებს ეჯახება.
ჩრდილო-დასავლეთის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის, დევიდ კიჩინის განცხადებით, საავადმყოფოში სულ 27 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ორი მძიმედ დაშავდა.
მერსისაიდის პოლიციის ინფორმაციით, მანქანის სავარაუდო მძღოლი, 53 წლის ბრიტანელი კაცი, ლივერპულში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ შემთხვევა "იზოლირებულ ინციდენტად" შეაფასა და განაცხადა, რომ ისინი სხვა ეჭვმიტანილებს არ ეძებენ და მომხდარს ტერორიზმად არ მიიჩნევენ.