ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ს და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე - საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა - დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება

ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ს და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე - საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა - დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე, „არის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილება“.

თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ ორივე მხარე ძალიან მალე გადაწყვეტილებას შეცვლის.

ასევე, ჩიქოვანის მტკიცებით, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გარდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„რაც შეეხება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების გადადებას, მეორე მხრივ, ევროკავშირის მხრიდან „მშვიდობის ფონდის“ რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო წვრთნებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი ატარებენ, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს, რადგანაც ერთი მხრივ, ეს ხელს უწყობს ჩვენი თავსებადობის გაზრდას, მეორე მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, საშუალებას იძლევა, რომ თვალი გავუსწროთ ახალ გამოწვევებს და შესაბამისად, ამაზე გვქონდეს რეაგირება. ამასთან, გეტყვით იმას, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესაც გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელშიც ვთანამშრომლობთ აშშ-სთან და ასევე, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე განცხადებები აშშ-ს მხრიდან გაკეთდა. თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე, ჩვენ გეტყვით იმას, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის.

რაც შეეხება „ევროპის მშვიდობის“ ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო.

გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განაცხადებთ, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. მისივე თქმით, „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“.

პოსტი ნახა: 126


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!