დღეის მდგომარეობით 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან, 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გახსნაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კმ, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი.
„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები პატივცემულ ელჩებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან, 193 კმ მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი", - განაცხადა პრემიერმა.