ის მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად არის მანიპულაციური და შეგვიძლია, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.
„რაც შეეხება ფასებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომლის მიხედვითაც არის 66-პროცენტიანი ზრდა 2012 წლის შემდეგ. აქაც იყო მანიპულაციები. მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები. სინამდვილეში, სამომხმარებლო ფასების ინდექსში 66-პროცენტიანი ზრდაა 2012 წლის შემდეგ, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი, ანუ, დაბალი მაჩვენებელი, თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს იმ მონაცემებს, რომლებიც არის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, აშშ-ში, მეზობელ ქვეყნებში და ა.შ. შეგახსენებთ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი კრიზისი. ერთი იყო სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დაემთხვა უკრაინის პირველ ომს, ეს იყო 2015-2016 წლები. მაშინ იყო მათ შორის ინფლაციის დევალვაციის მაღალი მაჩვენებელი. მეორე იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი, როდესაც დაფიქსირდა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო საქართველოში. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ 66-პროცენტიანი მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში, კონტინენტზე და მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ის მონაცემები, რომლებიც ქვეყნდება, თავისთავად არის მანიპულაციური და შეგვიძლია, უფრო დეტალური პასუხი გავცეთ სპეკულაციებს, რომლებიც ვრცელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.