სინამდვილე არის ის, რომ 2012 წელთან შედარებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, მაგრამ კვლავაც გვაქვს უამრავი პრობლემა. ამ პრობლემების მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკურად ჩვენ დღესაც ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, აშშ-ს და ა.შ. ეს არის რეალური სურათი , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
კობახიძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ „დავრჩით იქ, სადაც ვართ“, „მდგომარეობა გაუარესდა“, არასწორი და ტყუილია.
„რაც შეეხება რამდენად აისახება ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის მდგომარეობაზე, მაგალითისათვის, თბილისში, 2012 წელს 200 000 ავტომობილი მოძრაობდა, ახლა თითქმის 650 000 ავტომობილია ქალაქში. გარდა ამისა, უამრავი მშენებლობა განხორციელდა და ასევე, მიმდინარეობს. ამ ბინების 90%-ზე მეტს ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ და არა უცხოელები. ვინ ყიდულობს? ვისაც დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში არსებულ სიღარიბის დონეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიღარიბის დონე კვლავაც მაღალია, რაც არის ერთ-ერთი ეროვნული გამოწვევა.
„რაც შეეხება სიღარიბეს, აქაც საერთო სურათი არის ის, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 100 000 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 2012 წლის შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. ამასთან ერთად ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის, ვამბობთ, რომ სიღარიბის დონე კვლავაც მაღალია. სიღარიბის დონე 2022 წლის მაჩვენებლით 15.6%-ი იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული გამოწვევა. მე გთავაზობთ, რომ არც ჩვენ ვიტყვით ტყუილს, ნურც თქვენ იტყვით. ვთქვათ ერთი რამ, რაც არის სიმართლე, გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი 2012 წლიდან დღემდე, მაგრამ რჩება უამრავი პრობლემა, რომელიც გადასაჭრელია“, - განაცხადა კობახიძემ.