პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იურიდიულად გათვალისწინებულ ვადებში, ბოლო დღეს შეიტანს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო, შესაბამისად, როგორ შედგება, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო.
„არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი, სიის წარდგენამდე კი დარჩენილია ორი თვე. პოლიტიკურ პარტიებს, ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიები. ჩვენც ასე ვიმოქმედებთ. სია ცესკო-ში იურიდიულად გათვალისწინებულ ბოლო დღეს შევა, თუმცა მანამდე, ალბათ, სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც შეეხება რეგიონებში გასვლას, აგვისტოს დასაწყისიდან ჩვენ გავალთ რეგიონებში, გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან. სხვადასხვა ფორმატში გაიმართება ეს შეხვედრები. წინასაარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ. ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დაპირებები იქნება ასახული ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. ეს დაპირებები მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს: ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს, საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტსა და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება დაპირებები, მაგრამ ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რაც არის გამოხატული საარჩევნო სლოგანში - ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ ჩვენი პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ შევუნარჩუნებთ ამ ქვეყანას მშვიდობას, მიუხედავად სერიოზული წნეხისა და ზეწოლისა, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთილდღეობას. კეთილდღეობის ხარისხი ამ ქვეყანაში მუდმივად გაიზრდება და ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი აწარმოებს.
რაც შეეხება საარჩევნო სიას, სიას ადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭო. როგორ შედგება, ვინ რა ნომერზე იქნება წარდგენილი, ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო“, - განაცხადა კობახიძემ.