არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება წარმოუდგენელია - მცდელობა ექნებათ, რომ რაღაცა დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ, მაგრამ, ნეტავ, გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ყველა დაინახავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი იბრძოლებს იმისათვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდეს.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ოპოზიციის გამარჯვების შანსი არჩევნებში არის ნულის ტოლი. ნული. შეუძლებელია, წარმოუდგენელია. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. დღეს რა რიცხვია ჩავიწეროთ და 26 ოქტომბერს ვნახოთ. ვიღაცები გაერთიანეს, ვიღაცები დაშალეს, ვიღაცებს სახელები გადაარქვეს, გადმოარქვეს, მაგრამ საერთო ჯამში, ესენი არიან იმ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ.
მოლოდინი ნუ ექნება საზოგადოებას, რომ ესენი დალაგდებიან და არჩევნებს აღიარებენ. ცხადია, როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებზე, რაღაც სისულელეებს მოიგონებენ. მცდელობა ექნებათ ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ, მაგრამ გადადგან უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. ნეტავ, გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას დაინახავს ყველა,“ - განაცხადა კალაძემ.