თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში არაერთი ტაქსის კომპანია ოპერირებს, რომლებმაც დროა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე იზრუნონ. როგორც მერმა აღნიშნა, შშმ პირებსაც უნდა ჰქონდეთ ტაქსით თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.
ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რათა ტაქსის კომპანიების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
„მას შემდეგ რაც ჩვენ დედაქალაქის ხელმძღვანელობაში მოვედით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შშმ პირებისთვის ყველანაირი პირობა შევქმენით მათი უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.
ევროპის არაერთ ქალაქში შევხვდებით შშმ პირებისთვის ადაპტირებულ ტაქსის მანქანებს, რომლებიც ასეთი ტიპის ადამიანებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქში არაერთი ტაქსის კომპანია ოპერირებს. ვფიქრობ დროა კერძო კომპანიებმაც იზრუნონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე.
მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს აწარმოოს მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომ თბილისში მსგავსი ტიპის სერვისი დაინერგოს და ხელი შევუწყოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა აღნიშნულ კომპანიას, ვინც დღეს ოპერირებს დედაქალაქში, დაველაპარაკოთ და აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, შშმ პირებსაც უნდა ჰქონდეთ ტაქსით თავისუფლად გადაადგილების და აღნიშნული სერვისის მიღების შესაძლებლობა. ამიტომ, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ასეთი ტიპის მანქანების შემოყვანა ვერ შეძლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.