უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 35 ადამიანი.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნგრევა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება დაფიქსირდა დედაქალაქის შვიდ რაიონში. დაზიანდა ბავშვთა საავადმყოფოს შენობა და საცხოვრებელი სახლი. ამ დრომდე გრძელდება ოპერაცია ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოსაყვანად. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, დაზიანებულია ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციული ოთახები, საოპერაციო და ონკოლოგიური განყოფილებები.
რუსეთმა დღეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმა 40 რაკეტით განახორციელა.