„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.
კოტე იოსელიანის დაბარება სავარაუდოდ, მისი მეუღლის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის მის მეუღლეზე განხორციელებულ გატაცებასა და ზეწოლაზე საუბრობს.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".
ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.