პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს, 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესი, ასევე პირბადის ტარების წესი. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.
ადმინისტრაციული სახდელისგან 1 893 პირი გათავისუფლდება. თანხის ჯამური ოდენობა კი 5 596 047 ლარია. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებებს, აღნიშნულ პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10 ფიზიკური პირის მიმართ. 10 მსჯავრდებულიდან 8 პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რომლის ფარგლებშიც 6 მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები ჯარიმის თანხას აღარ გადაიხდიან.