ბაქოში, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმების ფარგლებში, მე-9 მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მინისტერიალის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, რუმინეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები, უნგრეთის სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ენერგეტიკული პოლიტიკის დირექტორი და მოწვეული სტუმრები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი პირები.
ლევან დავითაშვილთან ერთად ბაქოში ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე იმყოფებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, მინისტერიალის მონაწილეებმა კასპიის - შავი ზღვის - ევროპის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს და ევროპაში განახლებადი ენერგიის ნაკადს ხელს შეუწყობს.
„პროცესისთვის განსაკუთრებით წამახალისებელია მწვანე ელექტროენერგიის და წყალბადის ინფრასტრუქტურის შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ადრეული შედეგები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს საზღვრებში სუფთა ენერგიის გადაცემის გაფართოების შემდგომ ნაბიჯებს. ამ ძალისხმევის საკვანძო ეტაპია ახალი ერთობლივი საწარმო, რომელიც ემსახურება განახლებადი ენერგიის პროექტების წინსვლას მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში. ეს პარტნიორობა ინოვაციებს წაახალისებს და დააჩქარებს სუფთა ენერგიის გადაწყვეტილებების მიწოდებას რეგიონში“, - აღნიშნა მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა.
მისი შეფასებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.
„ამ ინფრასტრუქტურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა და მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. ეს პროექტი ცენტრალურ როლს შეასრულებს ჩვენი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციასა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებაში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მათივე ცნობით, მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის მონაწილეობას, ხაზი გაუსვეს მათ ინტერესს პროექტის მიმართ და ჩართულობის პოტენციალს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდგომ პერიოდში. მინისტერიალის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ აუცილებელი პროცედურები შეთანხმებაში ბულგარეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბულგარული მხარის ინტერესისა და წინა მინისტერიალების გადაწყვეტილებების საფუძველზე.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე პრეზენტაცია გაიმართა მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იყო პროგნოზები, წარმოების პოტენციალის ანგარიში, ტექნოლოგიის მიმოხილვა და ინტერკონექტორების ტექნიკურ-ეკონომიკური პოტენციალი.