ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, მათ შორის ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საუბრისას განაცხადა.
ბითაძემ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელების და ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საზოგადოება დაექვემდებარა ზეგავლენას და ბულინგის მძიმე კამპანია მიმდინარეობს, მაშინ როცა რეალურად ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოაქვთ.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა ევთანაზიასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით გასულ წელს, ერთი წელია უკვე მოქმედებს რეგულაცია, მთავრობამ დაამტკიცა და ეს კანონი იმ რეგულაციაზე აკეთებს მითითებას და ჩვენ შესაძლებელია ამ კანონშიც გადმოვიტანოთ გარკვეული დებულებები, რომ ევთანაზია არის დაუშვებელი, გარდა იმ შემთხვევისა თუ არა გვაქვს კარანტინი, ცოფის გავრცელების საშიშროება. ამ შემთხვევაშიც კი კანონმდებლობით გაწერილია ვადები 6 თვე, 45 დღე, სადაც მიმკედლებელი და მეპატრონე ვალდებულია ძაღლს დააკვირდეს და ხელი არ შეუშალოს ამ დაკვირვების პროცესს. მხოლოდ ამის შემდგომ თუ ისინი დაკვირვებას ხელს შეუშლიან 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებებია, ექვემდებარება ძაღლი ევთანაზიას, ეს არის საეჭვო შემთხვევის განმარტება“, – განაცხადა ბითაძემ.