ვინც პირდაპირ ეთერში დანაშაულს ჩაიდენს, გმირი ვერ იქნება და მით უმეტეს შიმშილობის საფუძველზე ვერ გათავისუფლდება და როდესაც ამის საწინააღმდეგო ნარატივებს ახმოვანებთ, მზია ამაღლობელის მკვლელობის მცდელობის ავტორები ხართ - თქვენი ხელიდან კლავთ ამაღლობელს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მდინარაძის თქმით, „სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა აღკვეთილი იყოს, მათ შორის პრევენციული მიზნებით“.
„თუ რომელიმე პატიმარი შიმშილობის საფუძველზე დატოვებს ციხეს, ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დამანგრეველი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ ყველა პატიმარი დაიწყებს შიმშილობას და ყველა სახლში უნდა გაუშვა. სახელმწიფოები ასეთ დათმობაზე ვერ მიდიან. ადამიანის სიმართლე თუ არასიმართლე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. როდესაც ვხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში პოლიციელს, მისი თანამშრომლების თვალწინ სახეში ხელს ურტყამს ადამიანი და შემდეგ გინდათ, ეს გმირობად გაასაღოთ, ეს სახელმწიფოს წინაშე თქვენი მავნებლობაა. მზია ამაღლობელს მოუწოდებთ შიმშილისკენ, სიკვდილისკენ. თქვენ კლავთ, თქვენი ხელიდან კლავთ ამაღლობელს, რადგან თქვენი ნებისმიერი ნარატივით შიმშილისკენ მოუწოდებთ. თუ თქვენი ნარატივებით, გინდათ, რომ იშიმშილოთ, ესე იგი ამ ადამიანის სიკვდილი გინდათ, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ, ადამიანური, თუნდაც სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი პატიმრის უფლება დაცული იყო. მაგრამ თქვენ თქვენი მოქმედებით კლავთ მზია ამაღლობელს. როდესაც თქვენი პატრონები იყვნენ ხელისუფლებაში, ციხეებში, პირდაპირი გაგებით, ფიზიკურად კლავდნენ ადამიანებს. ახლა ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ცდილობენ, მოკლან მზია ამაღლობელი, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ შიმშილობას თავი არ უნდა დაანებოს და მზია ისეთი ქალია, ისეთი თავმოყვარეობა აქვს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს. მეტი მოწოდება რა არის?! - მზია, შიმშილობა არ შეწყვიტოო, ასე ხომ არ მოუწოდებენ? ეს არის პირდაპირი მოწოდება სიკვდილისკენ. ეს ადამიანი რაც არ უნდა დამნაშავე იყოს (დამნაშავეა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით. ადამიანი როდესაც პირდაპირ ეთერში ხელს ურტყამს პოლიციელს, ამას გამართლება არ აქვს და არის სისხლის სამართლის სავარაუდო დამნაშავე), ყველა ვალდებული ვართ მოვუწოდოთ, რომ შიმშილობა არ შეიძლება იყოს გათავისუფლების საფუძველი. თქვენ კლავთ მზია ამაღლობელს ციხეში. მათ შორის „ბათუმელების“ რედაქტორი თუ ჟურნალისტი, კლავს თავის დამფუძნებელს ციხეში, რომელიც ატყუებს მზია ამაღლობელს, როდესაც წერს, რომ მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა: „შიმშილობა მთავრდება სიკვდილითო“ და მთავარი სიტყვები ამოაკლო, სადაც „ნაცებს“ ვადებდი ხელს, როგორ კლავენ მზია ამაღლობელს არაადამიანურად ციხეში, თავიანთი ბინძური საქციელით და მოწოდებებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.